28 თებერვალს, საქართველოს სახალხო არტისტს რამაზ ჩხიკვაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა.
თარიღი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რამაზ ჩხიკვაძის სახელობის ფონდმა „ბერიკამ", საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა, საქართველოს ეროვნულმა არქივმა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნა.
• საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში რამაზ ჩხიკვაძის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართა. მოქანდაკის გურამ პიპინაშვილის მიერ 80-იან წლებში გაკეთებული ბიუსტი მუზეუმის ეზოში დაიდგა, რომელიც კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გახსნა.
• საქართველოს ეროვნულ არქივში საქართველოს სახალხო არტისტის რამაზ ჩხიკვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. საქართველოს ეროვნულმა არქივმა ექსპოზიციაზე წარმოადგინა 85 ფოტო და კინოკადრები, რომლებიც კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივშია დაცული და ასახავს რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრებისა და შემოქმედებით გზას, მის თეატრალურ სახეებსა და კინოროლებს, შეხვედრებსა და რეპეტიციებს.
• მსახიობის საფლავზე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში უამრავი ადამიანი შეიკრიბა, მთავრობის წევრები, რამაზ ჩხიკვაძის ოჯახი, მეგობრები და თაყვანისმცემლები.
• 9 აპრილის ბაღში (ალექსანდრეს ბაღში) დაიდგა სიმბოლური ქვა, სადაც უახლოეს მომავალში ზურაბ წერეთლის ქანდაკება, რამაზ ჩხიკვაძის „აზდაკი" აღიმართება.
• რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში გაიმართა საღამო, სადაც ნაჩვენები იყო ფრაგმენტები ლილი კოპლატაძისა და ია შერაზადიშვილის გადაცემიდან „აუდიტორია - რამაზ ჩხიკვაძე". გადაცემაში რამაზ ჩხიკვაძე თავად საუბრობს საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. 90-იან წლებში ჩაწერილი მონოლოგის შემდეგ რამაზ ჩხიკვაძის პარტნიორებმა, მათ შორის კახი კავსაძემ, ნანა ფაჩუაშვილმა, ჯემალ ღაღანიძემ, ასევე რობერტ სტურუამ გაიხსენეს მსახიობი.