16 ივნისს "ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამა" დაიწყო და მისი მონაწილეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურის შედეგების საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასის წარმატებული მოსწავლეები არიან. პროექტის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გაეცნო.
პროექტი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - „თბილისის" ბაზაზე ხორციელდება და ორ ქვეპროგრამას მოიცავს: "ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში" და "ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში".
პროგრამაში 600 მოსწავლე 4 ნაკადად მონაწილეობს, საიდანაც 32 საუკეთესო მოსწავლე (8 თითოეული ნაკადიდან), სამინისტროს სრული დაფინანსებით, დამატებით გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის 2 კვირიან საზაფხულო სკოლაში.
წელს ინგლისური ენის ბანაკი სრულიად განახლდა, როგორც ენის სწავლების მეთოდიკის კუთხით, ასევე გაკვეთილების ფორმატითა და შინაარსით.
წლევანდელი ინგლისური ენის პროგრამაში მოსწავლეები, ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრის შემდეგ, ხვდებიან არა იმ ჯგუფებში, რომლის დონეც უკვე აჩვენეს ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე, არამედ ერთი საფეხურით მაღალ დონეზე, რათა მათი პროგრესი სამი კვირის მანძილზე უფრო გაუმჯობესდეს.
წელს ზოგადი ინგლისური ენის კურსის კურიკულუმი სრულიად შეიცვალა და დაემატა ისეთი საინტერესო თემები როგორიცაა: PR at Buckswood; Press Day, Career Skills, Academic Writing, Business English, Tourism, Diplomatic Relationships, Modern Slang, English collocations და ა.შ.