საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს - განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამეურვეო საბჭომ საზოგადოებას საფუძვლიანი და არგუმენტირებული განმარტება უნდა წარუდგინოს, თუ რა ფორმით დაარღვია ბარათაშვილმა მასზე დაკისრებული მოვალეობები და რატომ ჩათვალეს მათ საჭიროდ, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. განცხადებაში წერია: "აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ექვსი თვის წინ, სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილს ერთხელ უკვე გამოუცხადა უნდობლობა. თუმცა, მაშინ, გათავისუფლებულმა დირექტორმა სასამართლო დავის მოგების გზით თანამდებობაზე დაბრუნება მოახერხა. გასულ კვირას, გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცესის წამოწყების შემდეგ სამეურვეო საბჭომ განაცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობამ მათ დროულად და ამომწურავად არ მიაწოდა ინფორმაცია მაუწყებლის ვალებთან, გადაცემებთან და ბიუჯეტთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ პროცესები კანონის დაცვით და გამჭვირვალედ წარიმართოს, საზოგადოებას მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს", - ნათქვამია განცხადებაში. "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" მიაჩნიათ, რომ ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის წარმართვის მიზნით, პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე უახლოეს დღეებში სხდომაზე უნდა მიიწვიოს და მაუწყებელში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოსთხოვოს. ამასთან, პარლამენტმა უნდა მოისმინოს, თუ რა გზებით აპირებს სამეურვეო საბჭო მაუწყებელში არსებული კრიზისის დაძლევას",- ნათქვამია განცხადებაში.