2013 წლის 25 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, „2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის" დეპუტატები დალოცა. "დღეს ჩვენ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ, როცა ჩვენ მივედით თითქმის უფსკრულთან და აი, ამ უფსკრულიდან გამოგვაცილა უფალმა და ამით ჩვენ კეთილისმყოფელობის იმედი მოგვცა. ჩვენი ახალგაზრდობა ბრძენია და უფრო ღრმად შეხედავთ ამ პრობლემებს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ", - ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესმა ახალგაზდული პარლამენტის წევრებს მაცხოვრის ხატი და წმინდა მარიამის მედალიონები გადასცა. პატრიარქს ახალგაზრდული პარლამენტის სახელით გადაეცა მადლობის ჯილდო ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლითვის. აღსანიშნავია, რომ „2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის" ოფიციალური გახსნა და პირველი სხდომა გაიმართება 2 მაისს ქუთაისის პარლამენტში, რომელსაც მასპინძლობს პარლამენტის თავმჯდომარე ბ-ნი დავით უსუფაშვილი.