დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე მეცხრე არხზე ეკა ბერიძის გადაცემაში "მთავარი კითხვა." სახელმწიფო მინისტრმა აპარატის ძირითად ფუნქციებზე ისაუბრა, ასევე განმარტა სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკა ემიგრაციის სამ კატეგორიასთან მიმართებაში: ვინც აპირებს დაბრუნებას, ვინც უცხოეთში აპირებს ცხოვრების გაგრძელებას და ისტორიულ დიასპორასთან მიმართებაში. კონსტანტინე სურგულაძემ გადაცემაში განაცხადა, რომ თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით აპარატი სხვა დარგობრივ უწყებებთან ერთად გეგმავს მცირე ბიზნეს პროექტების პროგრამის დაწყებას: "ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვაკეთებთ პროექტს და ვაპირებთ სხვა დარგობრივ სამინისტროებთან ერთადაც გავაკეთოთ ანალოგიური პროექტი. პროექტს ვიწყებთ მცირე ბიზნეს პაკეტებით, რომელიც იქნება დათვლილი, გამზადებული, გაანგარიშებული, გააზრებული პროექტი, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს თანამემამულეებს და მათ შეეძლებათ ამ მცირე ბიზნეს პროექტებით დაბრუნება. პროექტის დაფინანსებაში ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას და დავეხმარებით, რომ მათ ეს პროგრამა წამოიწყონ - მცირე ბიზნესები დაიწყონ." სახელმწიფო მინისტრი ასევე შეეხო არჩევნების საკითხსაც და მან თანამემამულეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გაიარონ საკონსულო რეგისტრაცია.