У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია. გუნდურ ასპარეზობაში ჩვენმა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა და კონტინენტის საუკეთესო გუნდის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალურ ორთაბრძოლაში რუსეთთან 4:1 გაიმარჯვეს. გადამწყვეტი შეხვედრები მოიგეს ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ვალერი ლიპარტელიანმა და ადამ ოქრუაშვილმა. ფინალში მხოლოდ შალვა ქარდავა დამარცხდა.
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გამართული ევროპირველობა ქართველთა სრული ტრიუმფით დასრულდა. გუნდური პირველი ადგილის გარდა, ჩვენმა ნაკრებმა ინდივიდუალურად ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს ძიუდოს ნაკრებს საფრანგეთში მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
"გამარჯვებას ვულოცავ ნაკრების მთავარ მწვრთნელს ირაკლი უზნაძეს და მადლობას ვუხდი ასეთი გუნდის მომზადებისათვის. ქართველი ძიუდოისტების გამარჯვება და მიღწევები უკვე საამაყო ტრადიციად იქცა. მიხარია, რომ მთავრობის განსაკუთრებული თანადგომა და ხელშეწყობა აისახა ჩვენი ძიუდოისტების წარმატებებზე. მჯერა, ჩვენი სახელოვანი ძიუდოისტები კიდევ ბევრ გამარჯვებას მოიპოვებენ და გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
საქართველოს დელეგაცია საფრანგეთიდან ხვალ დილით, 03:20 საათზე დაბრუნდება.