ილია მეორემ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს სხვადასხვა საკითხის გაანალიზების წინადადებით მიმართა, - დღევანდელ საკვირაო წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტამბულში ვიზიტზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო პატრიარქის მიერ მოწვეულ კრებაზე, რომელსაც ყველა მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური და პატრიარქი ესწრებოდა, იმსჯელეს მსოფლიო კრებაზე, რომელიც შეიძლება მომდევნო ორი წლის განმავლობაში შედგეს.
უწმინდესის თქმით, ზოგიერთი პატრიარქი, მათ შორის მსოფლიო პატრიარქიც მიიჩნევს, რომ არის ისეთი საკითხები, რომლებიც უნდა იყოს განხილული მსოფლიო კრებაზე.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, კრება უნდა იყოს მაჩვენებელი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ძალისა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს.
ასევე, სტამბულში ყოფნისას უწმინდესმა ქართველ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
ქადაგებისას ილია მეორემ ანალიტიკურ აზროვნებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ადამიანი ანალიტიკური აზროვნების გარეშე იწყებს საქმეს, შესაძლოა, ამისთვის არ იყოს მზად, ამიტომ მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ უნდა მოახერხოს და დაწყებით კლასებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ანალიტიკური აზროვნების განვითარებას შეუწყოს ხელი.