საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, უკვე 2012 წლიდან, ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სტუდენტური ფასდაკლების ბარათით. ბარათის კონცეფცია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ოზურგეთის იუსტიციის სახლში შეკრებილ სტუდენტებს გააცნო.
სტუდენტებს ბარათის მეშვეობით შეუძლიათ მიიღონ ფასდაკლებით მომსახურება იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სერვისებზე, ასევე საფასურის გადახდის გარეშე ისარგებლონ ეროვნული არქივის სერვისებით. სტუდენტები სხვადასხვა სახის ფასდაკლებას მიიღებენ ასევე:
სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში;
ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა, მეტრო, ავტობუსი);
ინტერნეტით და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას;
კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას;
კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში;
კვების ობიექტებში;
სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში;
სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის განხორციელებაში არაერთი ორგანიზაცია, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაა ჩართული.
პროექტში ჩართული ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის სტუდეტური ფასდაკლების ბარათი უფასო იქნება და მისი აღება სტუდენტებს იუსტიციის სახლებსა და ყველა სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში შეეძლებათ.
სტუდენტური ფასდაკლების ბარათით სარგებლობა მსოფლიოში კარგად აპრობირებული და ფართოდ აღიარებული პრაქტიკაა. ამიერიდან, პრეზიდენტის ახალი ინიციატივის საფუძველზე, ყველა სტუდენტს საქართველოშიც ექნება შესაძლებლობა ცხოვრება გაიმარტივოს.