კურორტ გომისმთაზე, დღეს, სახალხო დღესასწაული "გომისმთობა-2012" გაიმართა. დღესასწაულში მონაწილეობა, კურორტის სხვა სტუმრებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მიიღო. დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო დოღი, ჩატარდა შეჯიბრება ფეხბურთსა და მკლავჭიდში, გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრითან არსებული ანსამბლ "ლურჯი იალქანისა" და ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლის "გურული ბიჭების" კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა შემსრულებლებმაც მიიღეს.
კურორტი გომისმთა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი კურორტია, რომელიც მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2350 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გომისმთის კლიმატი თავისი სამკურნალო თვისებებითაა ცნობილი. კურორტი გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით და ბუნებრივი წყაროებით. გომისმთასთან ახლოსაა ჭინჭაოს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. უკვე ტრადიციად ქცეული დღესასწაული "გომისმთობა", კურორტზე მესამე წელია იმართება. დღესასწაულის მიზანი საკურორტო ზონის გამოცოცხლება, დამსვენებლებისათვის სასიამოვნო გარემოს შექმნა, ტურისტების მოზიდვა და ტურიზმის პოპულარიზაციაა.