საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის და სოფელ ბოსლების მიმდებარე ტერიტორიაზე სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისას წარმოებული მიწის სამუშაოების დროს მიკვლეულ იქნა სამაროვნების კვალი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ობიექტის შესწავლის შემდეგ აღმოჩენილ იქნა გვიანანტიკური პერიოდის და ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარები და სამაროვნები. მათგან აღსანიშნავია მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ადგილ ყანჩაანთ სოფელში აღმოჩენილი ორი სამაროვანი, სადაც იმ დროისათვის შეძლებული ადამიანები იყვნენ დაკრძალულნი. ორმოსამარხებში ჩატანებული აღმოჩნდა: სხვადასხვა ფერისა და ფორმის მინის სანელსაცხებლები, ბრინჯაოს ზარაკები, ირმის ქანდაკებები, საკიდები, ბეჭდები, ოქროს საკიდი და საყურეები, ვერცხლის რომაული მონეტები, რკინის საბრძოლო იარაღები და თიხის ჭურჭელი.