შენივ ნანგრევში წევხარ უტყვი და
დაჭრილ ლომივით ილოკ ჭრილობებს,
გეღვრება მთვარე მქრქალი ღრუბლიდან
და მთები ჰგვანან ფშაურ ჭილოფებს.
მხოლოდ ჯინჭარი, მხოლოდ ჯინჭარი
ჰჭირისუფალობთ ნაციხართ და ნასახლართ ლიბოთ,
აქ სისხლის სუნით მუხლკვეთამდის ისე ვიმსჭვალვი,
რომ, თქვენც, ყვავილნო, ჩემი სულის ფეთქვას შეიტყობთ,
თმებს მირხევს შენი თბილი სუნთქვა მთების სიღმედან
და კლდის ნატეხზე მახვილივით შევილესები.
მოვდიოდი და შეუცნობი სული მიღრენდა,
არ დაივიწყოთ, არ დაივიწყოთ თქვენი ფესვები.
და ელი, ელი და გეღლება გზაზე თვალები,
გრძნობ მიგატოვეს. გულზე ოხვრად არაგვი გიჩქეფს,
მთებიც კი დუმან, ნისლის სმით და ნისლით მთვრალები,
ელი მდუმარედ, გავახსენდე იქნებო ვინმეს...
მაგრამ ხანდახან, ისიც ხანდახან,
შენს ნანგრევებზე შემოჯდება ყორანი შავი,
მერე თანდათან, გულს შეკუმშავს ბედი აღმართთან,
ეს რა უსისხლოდ დარჩენილა თურმეო ფშავი.
ვზივარ მდუმარედ, ფიქრით ვმარცვლავ არაგვის ხსოვნას,
ძვირფას ნაპოვარს დავყურებ და თვალებით ვაწყობ
საფლავის ქვაზე ამოტვირფულ შენდობის თხოვნას.
ხავსიან ლოდებს შეუნახვთ წარსულის აწმყო...
ვის დაუტოვეთ საფლავები, კოშკები, სახლი,
რომ საუკუნეთ ჩასანთქმელად მივცეთ გმირები,
განა ამისი უფლება გვაქ? დარდს გულზე ვახლი...
ვახლი და ალბათ მეც შენ მკერდზედ გავიგმირები.
შენივ ნანგრევში წევხარ და თბები
და თან ლომივით ილოკ ჭრილობებს.
ყვავილთა ფერით შემკული მთები
ჰგვანან ფშაურად ნაქარგ ჭილოფებს.