საქართველოს 14 ქალაქსა და სოფელში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი იწყება. გამოცხადებულ ტენდერში 6 კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებთანაც კონტრაქტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გააფორმა. ღონისძიება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გახსნა.
კონტრაქტებზე ხელმოწერის ცერემონიალს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ლევან ჭიჭინაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა, მხარეთა რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების გამგებლები და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებითა და ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ ქალაქებსა და სოფლებში: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ტყიბული, ზესტაფონი, ლენტეხი, მარტვილი, ცაგერი, ვანი, წყალტუბო, წალენჯიხა, სურამი, სართიჭალა, ომალო და ლაგოდეხი. სამუშაოებზე სულ, პირდაპირ და ირიბად 5 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა იქნება.
აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე გადავა.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქალაქებში გამოიცვლება წყალგაყვანილობის მილები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარებსა და წყლის სათავე ნაგებობებს. სამუშაოებს ქართული კომპანიები: "ბელდინვესტი", "მშენებელი-80", "ცეკური", "არქეოპოლისი", "ინსი", "სერვისი", "სანი", „სპეცჰიდრომშენი" და "წყალკანალმშენი" განახორციელებენ.