ჩიორა თაქთაქიშვილი ეკა ბესელიას 50 ათასი ლარის დაკისრებით დაემუქრა
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის ინიციატივის განხილვას, რომელიც მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებას ითვალისწინებს. ჩიორა თაქთაქიშვილმა ეკა ბესელია ცილისწამებაში დაადანაშაულა და 50 ათასი ლარის დაკისრებით დაემუქრა. დაპირისპირება კი ეკა ბესელიას ფრაზას მოყვა, რომელმაც "ნაციონალებს" განუცხადა, რომ მოწმეთა წამებაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ, რადგან ასეთი ფაქტები სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა. მთავრობის ინიციატივის განხილვა კომიტეტის სხდომაზე ხმაურის ფონზე 2 საათს გაგრძელდა. მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების მორიგ გადავადებას მხარს არც ადვოკატთა ასოციაცია და არც არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი უჭერს. კამათის შემდეგ მთავრობის ინიციატივას ანუ კანონპროექტის გადავადებას მხარი კომიტეტის 7-მა წევრმა დაუჭირა, გადავადების წინააღმდეგი გედევან ფოფხაძე იყო, ეკა ბესელიამ კი თავი შეიკავა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კენჭისყრას არ ესწრებოდნენ.