საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესზე, დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. საკუთარი პოზიცია პროცესზე ბრალდებულებმაც დააფიქსირეს. ბაჩანა ახალაია მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გაუგებრად მიიჩნევს, პროკურორთან და გამომძიებელთან კი პრეტენზიები აქვს. „არც პროკურორი მოსულა და არც გამომძიებელი, ეკითხათ, იქნებ ჩვენებას ვცვლიდი ან დანაშაულს ვაღიარებდი?"-განაცხადა ახალაიამ. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პროცესის დასასრულს პროკურორს მიმართა და ტონის შერჩევისკენ მოუწოდა. სასამარლოზე პოზიცია სხვა ბრალდებულებმაც დააფიქსირეს. ალექსანდრე გორგაძის განცხადებით, მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უსამართლოა. „13 წლის განმავლობაში ვარბენინებდი სამხედროებს, თუ მომეცემა ამის საშუალება, მომავალშიც იგივეს გავიმეორებ" - განაცხადა გორგაძემ. ახალაიას ადვოკატები გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ელოდებიან, თავად ახალაია კი დაცვის მხარეს ამ საკითხში არ ეთანხმება. „გამამართლებელ განაჩენს არ ველოდები" - განაცხადა ახალაიამ საკუთარ სიტყვაში. ბაჩანა ახალაიას შემდეგი სასამართლო პროცესი 2აპრილს 11 საათზე ჩაინიშნა, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში პროკურატურა მოწმეებს წარმოადგენს. ბაჩანა ახალაიას უფლებამოსილების გადამეტებაში, სამხედრო მოსამსახურეების წამებაში და წამების ორგანიზებაში ადანაშაულებენ.