ნადირობა ანტენებზე!
ხელისუფლება სატელიტურ ანტენებს აპატიმრებს. "ელიტა ბურჯისა" და "გლობალ ტივის" მუშაობა ფაქტობრივად პარალიზებულია. სატელევიზიო ანტენების დაყადაღების სპეცოპერაცია დღეს ერთდრიულად დაიწყო მთელ საქართველოში. სამართალდამცველები კომპანიების ყველა ოფისში შევიდნენ: თბილისი, თელავი, ყვარელი, სამტრედია, წყალტუბო, სენაკი, მარტვილი, ქვიტირი, ქობულეთი. მთელი დღის მანძილზე ფაქტობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით პოლიცია სატელიტური ანტენების დათვლითაა დაკავებული.
თბილისში ისევ ალყაშია კომპანია ელიტა ბურჯის შენობა, რომელიც კრიმინალურ პოლიციას აქვს ბლოკირებული. კორდონი ამ დრომდე არ მოხსნილა. ელიტა ბურჯის ტერიტორიაზე დღეს რამდენიმე ათეული პოლიციელი შევიდა. ამ დრომდე შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ კომპანიის თანამშრომლები. ხოლო თანამშრომელთა ის ნაწილი ვინც ოფისში იყო დიდი ხნის მანძილზე ფაქტიურად დაპატიმრებული ჰყავდათ, რადგან მათ გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ.Gგარდა ამისა ელიტა ბურჯში დაწყებულ საგამოძიებო პროცედურებზე დასწრების საშუალებას დაახლოებით 1 საათის განმავლობაში არ აძლევდნენ დაცვის მხარეს.