მსოფლიოს უდიდესი ავიაკონტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) იუბილის აღსანიშნავად დღეს, საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ავი-შოუ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საავიაციო ბრიგადის ლ-39 „ალბატროსი"-სა და სუ-25 „მიმინო"-ს ტიპის თვითმფრინავებმა მიიღეს.
31-ე ქარხნის აეროდრომზე საავიაციო ბრიგადის მფრინავთა შემადგენლობამ საფრენი აპარატებით უმაღლესი პილოტირების მანევრები შეასრულა. ავია-შოუ პარაშუტისტებმა გახსნეს, რომლებმაც AN-2 ტიპის თვითმფრინავებიდან გადმოხტომისას საქართველოსა და აშშ-ის დროშები გაშალეს. შესრულდა ტაქტიკური ფიგურები და ვერტიკალური გაშლა. ავია-შოუ სუ-25 ტიპის თვითმფრინავებმა საქართველოს დროშის ფერის კვამლის გამოშვებით დაასრულეს.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ალექსანდრე ქართველის შთამომავლები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
დღესვე, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანას „ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის საავიაციო ქარხნის" სახელი მიენიჭა. ლეგენდარული ავიაკონსტრუქტორის პატივსაცემად 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე ფოტო-გამოფენა მოეწყო.