ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოასვენეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან გადმოასვენეს. დაღუპულ სამხედროს საქართველოში თანამებრძოლი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ყორღანაშვილი ჩამოჰყვა.
გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის აკომპანირებით გაიმართა.
სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა დაღუპული სამხედროს ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა აღუთქვა. „დღეს მძიმე დღეა მთელი საქართველოსთვის. პირველ რიგში მინდა, მივმართო ოჯახს, მივუსამძიმრო და ვუთხრა მადლობა ასეთი გმირის გაზრდისთვის. მინდა, მივუსამძიმრო იმ ბიჭებსაც, რომლებიც დარჩნენ ავღანეთში და რომლებმაც დაკარგეს თანამებრძოლი, იმ ახალგაზრდებს, ვინც ვნახეთ აეროპორტში და ვუთხრა, რომ ჩვენ გვესმის მათი ტკივილის. შეიარაღებულ ძალებს მინდა ვუთხრა, რომ მადლობლები ვართ იმ დიდი სამსახურისთვის, რომელსაც ქართული არმია საქართველოსთვის წევს და იმ სისხლისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ღვრის.
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ასეთი ვაჟკაცებით ვიყავით ჩვენ ძლიერი, ვიქნებით მომავალში. საქართველო კვლავ გააგრძელებს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი საზოგადოება სწორედ ასეთი ბიჭების წყალობით და ისინი აღარ დაიღუპებიან, ისინი გააგრძელებენ ახალი ქვეყნის შენებას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.