რა ხდება თბილისის ბაგა-ბაღებში - ბოლო ერთ კვირაში ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულია 6 ადამიანი.
დღეს თბილისის მეორე ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. დირექტორი თანამდებობიდან გაუშვეს. ამის მიზეზად მერიის შიდა აუდიტის დასკვნა დასახელდა. ფაქტს მშობლებისა და პედაგოგების პროტესტი მოჰყვა.
ბაღების სააგენტოს თანამშრომლების გარდა, სკოლამდელ დაწესებულებაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც მივიდნენ.
როგორც მერიაში განმარტავენ, ინსპექტირების შედეგად, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ზედმეტად ჩამოწერა, რაც დირექტორის გათავისუფლების მიზეზი გახდა.
ეს პირველი ფაქტი არ არის, მანამდე იყო რამდენიმე შემთხვევა, რომელიც მედითაც გაშუქდა. ერთი ასეთი ფაქტი იყო თევზის ცნობილი საქმე, როდესაც დირექტორი ამტკიცებდა, რომ მიზეზად დასახელდა ერთი კილოგრამი თევზის დაწვა და მეორე, ტორტის ცნობილი ისტორია - როცა ბაგა-ბაღს თბილისის მთავრობამ ჯერ ტორტი აჩუქა დედის დღეს, შემდეგ კი თავისივე მიტანილი ტორტის გამო დააჯარიმა და დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა. ეს ყველაფერი გავრცელებული ვერსიებია, რომელზეც მხარეები თავად საუბრობენ.