თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის არსებით განხილვაზე დღეს სახელმწიფო ბრალდება ახალი შემადგენლობითა და ახალი მტკიცებულებებით გამოცხადდა. ბრალდებულების წინააღმდეგ პროცესის წარმოებას კიდევ ორი პროკურორი შეუერთდა. მათ დღეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვა მოითხოვეს, სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას, ექსპერტიზის შედეგად ახალი მტკიცებულება გამოიკვეთა, რომლიც სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთანაა დაკავშირებული, კერძოდ, 261 პირი დასაქმებული იყო როგორც "თბილსერვის ჯგუფში", ასევე, "თბილისის განვითრების ფონდშიც". შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, მათი პოზიცია გაიზიარა მოსამართლემაც და პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროცესზე რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდზე ბრალდების ორი მოწმე დაიკითხა, სამშენებლო კომპანია "აქსისის" გენერალური დირექტორი, და დაცვის თანამშრომელი. ამ უკანასკნელმა, სასამართლოზე განაცხადა, რომ მერიის მიერ გამოცახდებულ კონკურსში მონაწილე შპს "ახალი რიყის" დირექტორად "აქსისის" ხელმძღვანელობის თხოვნით, ფიქტიურად იყო გაფორმებული. პროცესს გიგი უგულავაც ესწრებოდა.