თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩანიშნა.
სააკაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ მშვიდობიანი მიტინგის დაშლის დროს უფლებამოსილების გადამეტება, რისთვისაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ყოფილი პრეზიდენტის გარდა საქმის ფიგურანტები არიან ექს-მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. ორივე მათგანზე ძებნაა გამოცხადებული.
გამოძიების თანახმად, 2007 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა უკანონოდ გამოიყენეს არალეტალური იარაღი რუსთაველის გამზირზე და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დაშლისას.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, სააკაშვილისავე ბრძანებით, მაღალჩინოსნებმა მილიონერ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება ჩამოართვეს, მათ შორის, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.