ვიზა-ლიბერალიზაციის პერსპექტივა - რა მიმართვას ამზადებს საქართველოს პარლამენტი
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა - საქართველოს პარლამენტმა ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპულ საბჭოს და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს შესაძლოა სპეციალური განცხადებით მიმართოს.
მიმართვა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცესს ეხება და ის საკანონმდებლო ორგანოს "თავისუფალმა დემოკრატებმა" შესთავაზეს.
დოკუმენტის პროექტს მმართველი გუნდიც უჭერს მხარს. წერილის მიხედვით, პარლამენტი ევროკომისიას სთხოვს, წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და სჯერა, რომ მას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა მოჰყვება.
მიმართვაში ავტორები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის რეინტეგრაციასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ბოლო წლებში საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ევროპისკენ სწრაფვა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კი ქართველი ხალხის ურყევი ნება და ისტორიული არჩევანია. პროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.