თბილისის მერი მთავარ პროკურორს უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებს და არჩილ კბილაშვილის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი პროკურორი თავს პოლიტიკურ ბრალმდებლად მიიჩნევს, რომელიც ცდილობს დააშინოს და დააშანტაჟოს ყველა ის ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყო. გიგი უგულავა აცხადებს, რომ არჩილ კბილაშვილი პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების გასამართლებლად დასუფთავების ტარიფის საკითხს იყენებს, თუმცა, ამით სრულიად შეგნებულად ახდენს ფაქტების გაყალბებას, როცა ამბობს, რომ არსებული გამოძიება ემთხვევა დასუფთავების ტარიფის ამოქმედებას. თბილისის მერის განცხადებით, „ კბილაშვილმა ივანიშვილის დავალებით, გამოძიება პოლიტიკურად მიუღებელ პირებთან ბრძოლის მახინჯ ინსტრუმენტად აქცია". მთავარმა პროკურორმა გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა, რომ შპს "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე დედაქალაქის მერს სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ. საქმე ეხება "ნაციონალური მოძრაობის" 764 აქტივისტის დასაქმებას. დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახური უკვე გამოძიებას აწარმოებს და აცხადებს, რომ ბრალეულთა პასუხისგებაში მიცემის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. საქართველოს ფინანსთა სამინისიტროს საგამოძიებო სამსახური "თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.