,,სამეგრელოს ხმა"- ახალი ორგანიზაცია ზუგდიდში დაფუძნდა.
სამოქალაქო მოძრაობის დარბაზი სამეგრელოს ხმის პრეზენტაცია დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.როგორც დარბაზის დამფუძნებლები აცხადებენ, ეს არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მიზანია დაიცვას ქართველი ხალხის მონაპოვარი, მოახდინოს ნებისმიერი საქმის ლუსტრაცია და აკონტროლოს ხელისუფლება.დარბაზის მრჩეველთა საბჭო 25 პირისგან შედგება, ხოლო მოძრაობას ამ ეტაპზე 400 წევრი ყავს.დარბაზის ერთ-ერთი დამფუძნებლის თენგიზ ჯგუშიას განმარტებით დარბაზის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ საზოგადოება დაცული იყოს ინსტიტუციებისგან და შესაბამისად ხელისუფლებაც საზოგადოებისგან.დარბაზის დამფუძნებლებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და აღნიშნეს რომ ადგილობრივ ბიუჯეტში პრიორიტეტები დალაგებული არ არის, ასევე ითქვა თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე და მაგალითისთვის 8 მარტს ანაკლიაში წვეულებისთვის გახარჯული 6 ათასი ლარი დასახელდა. თენგიზ ჯგუშიამ განაცხადა რომ თანამდებობის პირებს ძვირადღირებული მანქანებიდან აუცილებლად მოუწევთ ჩამოსვლა და ამაში დარბაზი უდიდეს წვლილს შეიტანს და აქტიურად ჩაერთვება თვითმმართველობის რეფორმაში.თენგიზ ჯგუშიამ ასევე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ სამეგრელოს რეგიონში წინასაარჩევნოდ მისი შეთავაზება თანამშრომლობასთან დაკავშირებით არ მიიღო, რამაც ჯგუშიას აზრით გამოიწვია სწორედ ის შედეგები, რომელიც კოალიციამ მიიღო.სააგენტო სმო-ჯის კითხვაზე რა ფასიანია თავად ჯგუშიას ჯიპი, რომლითაც ის გადაადგილდება, ჯგუშიას და ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიას შორის შელაპარაკება გამოიწვია.თენგიზ ჯგუშია ასევე განმარტავს რომ დარბაზი თვითდაფინანსებაზეა და არც ერთი პოლიტიკური პარტიისგან არ ფინანსდება.
2013-03-20