ახალი კანონი - საკომუნიკაციო კომპანიებს ტელეფონის ნომრების, ვინაობის, მისამართის, და ადგილმდებარეობის შენახვა და უფლებამოსილ უწყებებისთვის მიაწოდება დაევალებათ საკომუნიკაციო კომპანიები პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას აპროტესტებენ. საუბარია პროექტზე, რომლის მიხედვით ელექტრონულ საკომუნიკაციო კომპანიებს პერსონალურ მონაცემთა კატეგორიაში გათვალისწინებული მონაცემების ორი წლის ვადით შენახვის ვალდებულება დააკისრეს. პერსონალურ მონაცემებს შორისაა ზარის განმახორციელებელი და ზარის მიმღები პირების ტელეფონის ნომერი, ვინაობა, მისამართი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ინტერნეტსივრცეში მათი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია, კომუნიკაციისას გამოყენებული მოწყობილობა, დრო და ხანგრძლივობა. კანონით მობილური კომპანიები ასევე ვალდებულები ხდებიან, რომ სატელფონო კომუნიკაციის შინაარსი, უფლებამოსილ უწყებებს მიაწოდონ. "მაგთიკომის" მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, არსებობს რისკი, რომ ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მოქმედი კომპანიების უფლებამოსილ პირებს, მსგავს მონაცემებზე შეუზღუდავი წვდომა ექნებათ. როგორც "მაგთიკომში" განმარტავენ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არცერთი საკომუნიკაციო კომპანია არ ყოფილა ჩართული. საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება "სილქნეტიც". სააქციო საზოგადოების განცხადებით, პერსონალური ინფორმაციის დაცულობის მექანიზმების სრულყოფა, კომპანიებისგან ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოითხოვს. კანონის მიხედვით კი შემჭიდროებული ვადებია განსაზღვრული. "სილქნეტში" ამბობენ, რომ ამ ვადებში ცვლილებებისთვის აუცილებელი ტექნიკური გადაირაღება შეუძლებელია. საკომუნიკაციო კომპანიებთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებს კომუნიკაციის ეროვნული კომისიაც ეხმაურება.