საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილა. თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განსაკუთრებით აქტუალური იყო საქართველოს საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმებსა და იმ საკითხებზე საუბარი, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. შეხვედრა სასტუმრო „ტიფლის პალასში“ გაიმართა და მას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუ და ოთხმოცამდე ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ის არის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, თურქეთიდან ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად არის მილიონ ორასი ათას ადამიანზე მეტი. დღეს ჩვენ ვხვდებით თურქ ბიზნესმენთა ასოციაციას და გვინდა, არაფორმალურ გარემოში, გულწრფელად ვისაუბროთ იმაზე, როგორ წავახალისოთ კიდევ უფრო კომპანიები, რომ მათ განახორციელონ ახალი ინვესტიციები საქართველოში“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.