დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიება. ქ. ჯვარში გაიხსნა მე-2 მსოფლიო ომის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი, რომლის საზეიმოდ გახსნას ესწრებოდნენ: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა, საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, მელიტონ ქანთარიას შთამომავლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ვეტერანებს პირადად მიულოცეს მხარის გუბერნატორმა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა. მათ, ომის ვეტერანებს საჩუქრად გადასცეს საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ფულადი თანხა, საიუბილეო მედლები და სამახსოვრო საჩუქრები.
დღევანდელი მონაცემებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ირიცხება სამამულო ომის ხუთი ვეტერანი. აღსანიშნავია, რომ 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდა 87 წლის ქალბატონი ვარვარა ეფრემის ასული ბონდარენკო, რომელმაც დიდი გრძნობით გააჟღერა სამამულო ომისადმი მიძღვნილი სიმღერები ქართულ, რუსულ და მეგრულ ენებზე.