საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძეს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაატოვებინეს და ეს გადაწყვეტილება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
ალასანიას განცხადებით, ჭიკაიძის გადადგომა საკმარისი არ არის. მისივე თქმით, არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური კადრების წინ წამოწევის და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის გამო, პასუხისმგებლობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება. „ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა იმ შექმნილ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაშია, მათ შორის კრიმინოგენურზე, უნდა გაიზიაროს ღარიბაშვილმა და არაპირდაპირ, ბუნებრივია, ეს არის პირდაპირი შედეგი არასწორი საკადრო პოლიტიკის, რომელიც არაფორმალური მართვით დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა“, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ირაკლი ალასანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ძირეული რეფორმირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა არ შეასრულა.