ტელეკომპანია „ოდიში" ლალი ანთიას პასუხობს.
გაერთიანება ,,ქალები მშვიდობისათვის" წევრი ლალი ანთია ტელეკომპანია ,,ოდიშს" ტენდენციურობასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამ ბრალდების შემცველი მისი კომენტარი პორტალმა „სმო.ჯი" გუშინ გამოაქვეყნა. ლალი ანთიას განცხადებით, ტელეკომპანია ,,ოდიშმა" 2 აპრილს საინფორმაციო გამოშვებაში მიკერძოებულად გააშუქა ანაკლიაში მიმდინარე მოვლენები, სადაც მოძრაობა „პატრიორტებსა" და „ქართული ოცნების" მხარდამჭერ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ანაკლიაში მიმდინარე მოვლენებს ტელეკომპანია "ოდიშის" გადამღები ჯგუფი სხვა მედიასაშუალებებთან ერთად აშუქებდა. ჟურნალისტმა მაკა სამუშიამ სიუჟეტში მაყურებელს მისცა საშუალება, გაცნობოდა ორივე მხარის პოზიციას, ანუ, მომზადდა ჩვეულებრივი სიუჟეტი, როგორებიც მზადდება საინფორმაციო პროგრამისთვის და რომელთა მიმართ აქამდე არცერთ ორგანიზაციას თუ პოლიტიკურად აქტიურ პირს, ლალი ანთიას გარდა, პრეტენზია არ გამოუთქვამს. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ბრალდება, რომელსაც ლალი ანთია უყენებს, აბსურდულია.
სააგენტო სმო.ჯი-სთან საუბარში ლალი ანთია აცხადებს, რომ თითქმის ყველა არხზე ნახა აღნიშნულ თემაზე მომზადებული სიუჟეტი, თუმცა ის კადრები, რაც ,,ოდიშის" ეთერით გავიდა, არც ერთ მედია საშუალებას არ გაუვრცელებია.
შესაძლოა, აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალება იმყოფებოდეს, მაგრამ ყველამ ერთნაირი კადრები არ გადაიღოს ან არ გაავრცელოს. სწორედ ამიტომ, გადამღები ჯგუფის დადანაშაულება იმაში, რომ მას სხვებისგან განსხვავებული კადრები ჰქონდა, - მიზანმიმართული ტენდენციის გამომხატველია. ამასთან, ტელეკომპანია „ოდიში" ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი კოლექტივის ნებისმიერი წევრის მიმართ გამოხატულ მუქარას ტელეკომპანიის მიმართ განხორციელებულ ზეწოლად მიიჩნევს და ამის შესახებ საქმის კურსში შესაბამის ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩააყენებს. ლალი ანთიას პრეტენზიებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ოდიშის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ქობალია განმარტებას აკეთებს
2013-04-04