***
შენ შემოგევლე,
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...
ტარიელ ხარხელაური
შენ შემოგევლე,
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
ვიცი, ამაღამ გულის კარებს დავტოვებ ღია,
შენ შემოგევლე,
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
უსიყვარულოდ ამ სოფელში, აბა, რა ყრია...
შენ შემოგევლე,
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
შევცქერი მთვარეს,
ახალ მთვარის ელვარებს კავი,
შენ შემოგევლე,
სიყვარულზე მომინდა ფიქრი
და შეგაყვარო მთვარის შუქზე, ამაღამ თავი...
.......
შემოვუკეცავ ღულელებთან საბადურს საბანს
და ტყის თბილ საწოლს გამოვაწყობთ ოქროს ფოთლებით,
და მერე ხეებს,
ღამის ნისლით ნაკურთხს და ნაბანს,
ხელისმომკიდედ დავიყენებთ, როგორც ობლები...
გატყდება ღამე და ჭოტივით დაგვძახებს დილა,
მზე შეეცდება ჩვენ ორს შორის ჩამოწვეს მალვით,
ათინათები ხეთა მკლავებს არწევენ ფრთხილად,
თითის წვერებზე იპარება მზე ტყეში, ქარვით...
შენ შემოგევლე,
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
დიდხანს გამყვება ეს შეგრძნება,
ჟრჟოლა, ზმანება...
ნისლის საბანს მზე გადაგვაცლის კრძალვით და რიდით,
ნასრესი ფოთლის სურნელება მომეძალება...
შენ შემოგევლე,
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...
ეკატერინე დონდუა
პ.ს. ლექსი დაწერილია ტარიელ ხარხელაურის უკვდავი ლექსის შთაგონებით.