კახა კალაძე: ცოლის მხრიდან ჩემს ნათესავებს ბევრს არ ვიცნობ
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
კახა კალაძის ცოლის დეიდაშვილი ლუკა კანკავა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზეა. აღნიშნული ინფორმაცია ტაბულას გამგეობის თანამშრომლებმაც დაუდასტურეს. კანკავას თბილისის მერია აქვს მითითებული სამსახურის ველში ფეისბუქზეც.
ლუკა კანკავა საჯარო სექტორში დასაქმებული კალაძის ცოლის ერთადერთი ნათესავი არაა. ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის ცოლის ნათესავების საჯარო უწყებებში დასაქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგის ცენტრი - მედიატორიც. მათი ინფორმაციით, კალაძის მეუღლის, ანუკა არეშიძის ბიძა ბესიკ ჭუმბურიძე დოლიძე-ბახტრიონის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეა. გარდა ამისა, გასულ კვირას თბილისის მერიაში განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე დაინიშნა. მედიატორი ნეპოტიზმის შესახებ ინფორმაციის მოძიებას რეგიონებშიც გეგმავს.
ორგანიზაციის დამფუძნებლის, ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, თვითმმართველობებში ნეპოტიზმის ფაქტებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც რამდენიმე დასაქმებულის რეზიუმეში საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ვერ აღმოაჩინეს.