ივანიშვილი ევროპასთან უფრო მკვეთრად საუბარს აპირებს! ევროპელობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დემოკრატია და ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს, - ამის შესახებ პრემიემინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროპის სახალხო პარტიის ევროპარლამენტარებისადმი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აღნიშნულ წერილში აქცენტები მის მიერაა დასმული და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში დასავლურ მედიაში მისი უფრო მკვეთრი და ვრცელი წერილი გამოქვეყნდება.
"უსუფაშვილი კარგად წერს და ჩემს გარეშეც შესწევს უნარი, რომ საუკეთესო წერილები გამოაქვეყნოს, თუმცა ბოლო წერილის დაწერაში მე მივიღე მონაწილეობა. მე არ ვუპასუხე იმ პატარა ჯგუფს, 23 კაცისგან შემდგარ ჯგუფს და უფრო ფართო და მკვეთრ წერილს ვწერ მთლიანად სახალხო პარტიას. ამის შიში მე და ჩევნ გუნდს აღარ გაგვაჩნია. ევროპელობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დემოკრატია და ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს", - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, ივანიშვილი ევროპარლამენტარების წერილს "სირცხვილს" უწოდებს და აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ევროპარლამენტარებმა ამ წერილს წაუკითხავად მოაწერეს ხელი.
"ჩვენ არ გვეშინია, რომ ევროპაში სიმართლე გავიტანოთ. ეს არ მოხერხდება. სააკაშვილს ჰქონდა ზუსტად ამის სურვილი, რომ ჩვენ ვერ გავბედავდით პაექრობას", - განაცხადა ივანიშვილმა.