ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის წინ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
„მომხდართან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც მოახდინეს პროვოცირება.მე მივმართავ პოლიტიკურ ლიდერებს, შეწყვიტონ რიტორიკა და მუქარა და სიმშვიდისკენ მოუწოდონ საზოგადოებას.
სამწუხაროა რაც მოხდა, მაგრამ დღეს დილით დემონსტრანტების დარბევა მოხდა სრული კანონის დაცვით, მოხდა გზის გაწმენდა და კარვის მსგავსი კონსტრუქციების აღება.
„ბოკერიას განცხადებით, დიალოგი აუცილებელია, იგი მიესალმება პატრიარქის გამოსვლას და იზიარებს უწმინდესის იმ განცხადებას, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება არის არა მთავრობის მომხრე-მოწინააღმდეგეთა პოზიციების დაფიქსირება, არამედ ეს არის უცხო ძალების წისქვილზე დასხმული წყალი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიეცემათ თუ არა აქციის გაგრძელების უფლება მომიტინგეებს, ბოკერიამ უპასუხა- „ჯერ უნდა მოხდეს წესრიგის აღდგენა ქვეყანაში, ხოლო შემდეგ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველოში მიტინგების გამართვის კანონმდებლობა არის ადეკვატური, ანუ მიტინგის გამართვამდე დემონსტრაციის ორგანიზატორებმა უნდა მიმართონ ქალაქის მუნიციპალიტეტს 5 დღით ადრე. რაც შეეხება გზის გადაკეტვას, თუ ხალხის რაოდენობა მცირეა, მათ არ აქვთ გზის გადაკეტვის და კარვების გაშლის უფლება. ამ პროცედურების გათვალისწინებით შესაძლებელია აქციის გამართვა"- განაცხადა ბოკერიამ.
„გონს მოეგონ, მე დაუშვებლად მიმაჩნია დღევანდელი პროვოკაციის შედარება 9 აპრილთან, როცა მთელი ერი იბრძოდა ეროვნული ღირსების დასაცავად"- აცხადებს გიგა ბოკერია. „სამწუხაროა, რაც დღეს მოხდა, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა , რომ საქართველო შედგეს როგორც სახელმწიფო, უნდა მივეჩვიოთ იმასაც, რომ ყველა პროვოკაცია და კანონდარღვევა, მითუმეტეს, თუ იგი გარე ძალებით იმართება, რომელიც ცდილობს ქვეყნის საფუძვლის რყევას, ადეკვატური ზომებით იქნება დასჯილი"- განაცხადა ბოკერიამ.